ჯო ბაიდენმა მექსიკის საზღვარზე კედლის ახალი მონაკვეთის მშენებლობის ნებართვა გასცა
ჯო ბაიდენმა მექსიკის საზღვარზე კედლის ახალი მონაკვეთის მშენებლობის ნებართვა გასცა

ჯო ბაიდენმა მექსიკის საზღვარზე კედლის ახალი მონაკვეთის მშენებლობის ნებართვა გასცა. როგორც „ბიბისი“ წერს, საუბარია 32 კილომეტრის სიგრძის კედელზე, რომელიც მექსიკის საზღვრის იმ მონაკვეთზე აშენდება, საიდანაც მიგრანტები ყველაზე ხშირად ცდილობენ აშშ-ში უკანონოდ შესვლას.

ცნობისთვის, საზღვარზე კედლის მშენებლობა დონალდ ტრამპის პოლიტიკის ნაწილი იყო, რასაც დემოკრატები აკრიტიკებდნენ.

2020 წელს ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საზღვარზე ახალი კედელი არ აშენდება.

„ბიბისის“ ცნობით, უკანონო მიგრანტების საკითხი ბოლო პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტისთვის პრობლემური გახდა. მხოლოდ წელს აშშ-ში უკანონო შევიდა 245 000 მიგრანტი.

ბაიდენის გადაწყვეტილებას „ფოქს ნიუსთან“ საუბარში გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან ბაიდენი საზღვარზე მკაცრი კონტროლის ზომების გაუქმების გამო გაკიცხა, რამაც, ტრამპის თქმით, მიგრაციული კრიზისი გამოიწვია.

„მას უწევს იმ ყველაფრის გაკეთება, რასაც ჩვენ ვაკეთებდით“, – განაცხადა ტრამპმა.