ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომლითაც უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარია გათვალისწინებული
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომლითაც უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარია გათვალისწინებული

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 770 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტის კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

აღნიშნული კანონპროექტი მიმდინარე თვის დასაწყისში სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა და მას დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლობის უმრავლესობამ მისცა ხმა.
ბიუჯეტი, რომელიც წინა წელთან შედარებით 5 %-ით არის გაზრდილი, სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი ხელფასების ზრდას ითვალისწინებს, ასევე ბიუჯეტში გაწერილია სტრატეგიები გეოპოლიტიკურ საფრთხეებთან გასამკლავებლად, მათ შორის რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე.

აშშ-ის 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 300 მილიონი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივისთვის. 4 მილიარდი დოლარი გამოიყოფა ევროპის თავდაცვის ინიციატივისთვის და 150 მილიონი დოლარი ბალტიის უსაფრთხოების თანამშრომლობისთვის.

ბიუჯეტი ითვალისწინებს 16-წევრიანი კომისიის შექმნას ავღანეთის ომის შესასწავლად.

რაც შეეხება ჩინეთს, კანონით გათვალისწინებულია 7,1 მილიარდი დოლარი წყნარი ოკეანის რეგიონის შეკავების ინიციატივისთვის.

დატოვე კომენტარი