ჯო ბაიდენმა „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ-დოზა გაიკეთა
ჯო ბაიდენმა „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ-დოზა გაიკეთა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში პირდაპირ ეთერში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზით აიცრა.

აცრამდე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დამატებითი დოზები მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. მისი თქმით, ამერიკელების დაახლოებით 23 პროცენტი, რომლებსაც არ აქვთ გაკეთებული ვაქცინის არც ერთი დოზა, დანარჩენ ქვეყანას ზიანს აყენებს.

78 წლის ჯო ბაიდენმა „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზა იანვარში გაიკეთა. გასულ კვირას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების „ფაიზერის“ მესამე დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა. ასევე კოვიდვაქცინის მესამე დოზას გაუკეთებენ 50-დან 64 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

ჯო ბაიდენის განცხადებით, პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ასევე გაიკეთებს ე.წ. ბუსტერ დოზას.

დატოვე კომენტარი