ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის რამდენიმე განკარგულება გააუქმა
ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის რამდენიმე განკარგულება გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის რამდენიმე განკარგულება გააუქმა. ჯო ბაიდენის მიერ გაუქმებულ განკარგულებებს შორის არის ძეგლთა დაცვის, ინტერნეტ-პლატფორმებისთვის დაწესებულ შეზღუდვებთან და სამიგრაციო საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.

კერძოდ, გაუქმებულია დონალდ ტრამპის განკარგულება ამერიკული ძეგლების, მონუმენტებისა და ქანდაკებების დაცვის შესახებ, რომლებსაც ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა 2020 წლის ივნისში, ანტირასისტული მოძრაობის საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რა დროსაც ქვეყანაში კონფედერატების ძეგლები გაანადგურეს.

დონალდ ტრამპის განკარგულება, ძეგლების დაზიანებაში ეჭვმიტანილების სამართლებრივ დევნას და ადგილობრივი მთავრობისთვის, რომელმაც ძეგლის დაზიანება არ აღკვეთა, ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებდა. ამას გარდა, ბაიდენმა უარი თქვა ამერიკელი გმირების ეროვნული ბაღის შექმნის ინიციატივაზე, რომელიც ასევე დონალდ ტრამპს ეკუთვნოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააუქმა წინამორბედის აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც ქვეყანაში ჩასული იმიგრანტებისგან ითხოვდა დადასტურებას, რომ მათ აქვს საკმარისი ფინანსური სახსრების სამედიცინო ხარჯებისთვის.

„ჩემი ადმინისტრაცია ისწაფვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემაზე წვდომის გაფართოებისკენ. ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიო ამ მიზანს იმ პირებისთვის უარის თქმის გარეშე, რომლებიც ამ ქვეყანაში კანონიერად იმიგრაცია სურთ, თუმცა რომლებსაც არასაკმარისი ფინანსური სახსრები გააჩნიათ ან არ შეიძინეს ჯანმრთელობის დაზღვევა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დემოკრატი პრეზიდენტის მიერ გაუქმებულ განკარგულებებს შორის კიდევ ერთი ითვალისწინებდა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მათ ინტერნეტ-პლატფორმებზე მომხმარებლების მიერ გავრცელებული მასალის შინაარსზე.

დატოვე კომენტარი