ჯო ბაიდენმა დანაშაულის პრევენციის ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელიც იარაღის რეალიზაციაზე ახალ რეგულაციებსაც ითვალისწინებს
ჯო ბაიდენმა დანაშაულის პრევენციის ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელიც იარაღის რეალიზაციაზე ახალ რეგულაციებსაც ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტმა საზოგადოებას დანაშაულის პრევენციის ახალი სტრატეგია წარუდგინა, რომელიც იარაღის რეალიზაციაზე ახალ რეგულაციებსაც ითვალისწინებს. ჯო ბაიდენი „ნულოვან ტოლერანტობას“ უცხადებს ცეცხლსასროლი იარაღის იმ რეალიზატორებს, რომლებიც გამიზნულად არღვევენ კანონს და იარაღს აძლევენ ისეთი პირს, რომელსაც მისი ფლობის უფლება არ აქვს, უგულებელყოფენ აღრიცხვის ნორმებს, არ ამოწმებენ ახალი მფლობელის ისტორიას ან აყალბებენ დოკუმენტებს. სწორედ ასეთ შემთხვევებში ალკოჰოლის, თამბაქოსა და ცეცხლსასროლი იარაღის ბიურო უკან გაიწვევს დილერის ლიცენზიას.

პრეზიდენტის განმარტებით, უკანონო შეიარაღების 90% იარაღით მოვაჭრეთა 5%-ზე მოდის.
ასევე პრეზიდენტის თქმით, კორონავირუსის დახმარების 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების პაკეტიდან, 350 მილიარდი შტატებისა და ადგილობრივი მთავრობების ფინანსირებას მოხმარდება, რომლითაც ისინი შეძლებენ, დაასაქმონ უფრო მეტი სამართალდამცველი, გადაუხადონ მათ ზეგანაკვეთური მუშაობისთვის, მონიტორინგი გაუწიონ იარაღის რეალიზატორებს და განახორციელონ ინვესტიციები ტექნოლოგიებში სამართალდამცავი ორგანოების უკეთ აღსაჭურვად.

ახალი სტრატეგიის სამიზნე გახდება ასევე ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღები, რომელსაც ე.წ. მოჩვენება იარაღებად მოიხსენიებენ, რადგან ისინი არ არის აღრიცხული და რეგისტრირებული სერიული ნომრით. ასეთი იარაღის ასაწყობად დეტალები მაღაზიებში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე იყიდება.