ჯო ბაიდენმა და სინ ძინპინმა შვიდი თვის განმავლობაში პირველად ისაუბრეს ტელეფონით
ჯო ბაიდენმა და სინ ძინპინმა შვიდი თვის განმავლობაში პირველად ისაუბრეს ტელეფონით

აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებმა უკანასკნელი შვიდი თვის განმავლობაში პირველად ისაუბრეს ტელეფონით.

როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, „ფართო სტრატეგიული დისკუსიის“ ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ის სფეროები, სადაც მათი ინტერესები ემთხვევა და ის სფეროები, სადაც მათი ღირებულებები და პერსპექტივები განსხვავებულია.

ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ყველა საკითხის განხილვა ღიად გაგრძელდება.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ამბობენ, ბაიდენმა და სი ძინპინმა ასევე იმსჯელეს ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე, რათა აშშ-სა და ჩინეთის კონკურენცია კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ამერიკელმა ლიდერმა დაადასტურა აშშ-ის დაინტერესება, რომ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და მთელ მსოფლიოშიც იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა.

თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ „გარკვეული პერიოდის განმავლობაში აშშ-ის მიერ ჩინეთის მიმართ წარმოებული პოლიტიკა. ორი ქვეყნის ურთიერთობებში სირთულეებს იწვევდა, რაც არ შეესაბამებოდა ამერიკელი და ჩინელი ხალხის ინტერესებს და მსოფლიოს ყველა ქვეყნების ინტერესებსაც“.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ რეგულარულ კონტაქტს შეინარჩუნებენ, რათა ხელი შეუწყონ ჩინეთის და აშშ-ის ურთიერთობების განვითარებას.