ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო
ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო

ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. მან საკუთარი არჩევანი მშობლიურ დელავერის შტატში დააფიქსირა, სადაც ვადამდელი ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს.

ეს პროცესი დელავერის შტატში გასული კვირის ბოლოს დაიწყო. ვადამდელი ხმის მიცემის მიზანი, როგორც წესი, ძირითადად ამომრჩეველთა მონაწილეობის გაზრდაა და ამერიკაში ის რამდენიმე შტატში მიმდინარეობს.

ხმის მიცემის შემდეგ ჯო ბაიდენს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ტრამპის საარჩევნო კამპანიის ღონისძიების შესახებ, სადაც მიწვეულმა კომიკოსმა რასისტული გამონათქვამები გამოიყენა ამერიკის შეერთებული შტატების უმცირესობათა სხვადასხვა ჯგუფის მიმართ.

„ეს სამარცხვინოა. უბრალოდ სამარცხვინო. ეს ნებისმიერი პრეზიდენტის ღირსებაზე ქვემოთაა. მაგრამ ამას უკვე ვეჩვევით“, – განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეს კომენტარები არ ასახავს ყოფილი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის შეხედულებებს. დონალდ ტრამპს კომიკოსის გამოსვლაზე განცხადება არ გაუკეთებია.