ჯო ბაიდენმა ამომრჩევლებს მიმართა - მართლა გრძნობთ თავს უფრო უსაფრთხოდ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას?
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ ტრამპის ბრალდებებს პასუხობს.
„თქვენ მართლა გრძნობთ თავს უფრო უსაფრთხოდ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას?“, – მიმართა მან ამომრჩევლებს პიტსბურგში სიტყვით გამოსვლისას.
სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა ასევე დაგმო საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობა და ნგრევა.
„მინდა, მკაფიოდ ვთქვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით: არეულობა არ არის პროტესტის გამოხატვა. მაროდიორობა არ არის პროტესტის გამოხატვა. ცეცხლის წაკიდება არ არის პროტესტის გამოხატვა. არც ერთი აქედან არ არის პროტესტი. ეს უკანონობაა, ჩვეულებრივად და მარტივად. ხოლო ის, ვინც ამას სჩადის, სასამართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხი. ეს არასწორია ნებისმიერ შემთხვევაში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
„სიენენის“ ცნობით, ჯო ბაიდენი ასევე გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც ის არეულობის მონაწილეთა მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მოქალაქეები არ იქნებიან უსაფრთხოდ, ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში.
„თქვენ მე მიცნობთ. იცით ჩემი გული. იცით ჩემი და ჩემი ოჯახის ისტორია. საკუთარ თავს ჰკითხეთ: ნუთუ მე ვგავარ რადიკალ სოციალისტს, რომელიც არეულობის მონაწილეებისადმი სისუსტეს განიცდის?“, – აღნიშნა ბაიდენმა.