ჯო ბაიდენმა ამერიკულ ნავთობსადენზე თავდასხმაში რუსი ჰაკერები დაადანაშაულა
ჯო ბაიდენმა ამერიკულ ნავთობსადენზე თავდასხმაში რუსი ჰაკერები დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკულ ნავთობსადენზე თავდასხმაში რუსი ჰაკერები დაადანაშაულა. ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჰაკერები არ არიან დაკავშირებული რუსეთის ხელისუფლებასთან.

ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის აქვს მყარი მტკიცებულებები, რომ კიბერდამნაშავეები რუსეთში ცხოვრობენ.

ნავთობსადენ „ქოლონიალ ფაიფლაინზე“ კიბერთავდასხმა 8 მაისს განხორციელდა, რის გამოც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე საწვავის დეფიციტი შეიქმნა.

ამერიკული სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ ნავთობსადენს თავს ჰაკერული დაჯგუფება „დარქსაიდის“ წევრები დაესხნენ თავს. ჰაკერებმა დაბლოკეს ინფორმაცია და მისი გახსნის სანაცვლოდ გამოსასყიდი მოითხოვეს.

სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება, რომ ნავთობსადენის მფლობელმა კომპანიამ ჰაკერებს ხუთი მილიონი დოლარი გადაუხადა. აშშ-ის ხელისუფლება ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

ამჟამად ნავთობსადენმა მუშაობა უკვე განაახლა. „ქოლონიალ ფაიფლაინი“ ნავთით ამარაგებს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე შტატების ნახევარს.

დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ ჰაკერული დაჯგუფება „დარქსაიდის“ წევრები თავს დაესხნენ იაპონური კომპანია „ტოშიბას“ ევროპულ ფილიალს. „ტოშიბაში“ აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.