ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჟენევაში, ერთ-ერთ ვილაში გაიმართება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჟენევაში ჩავიდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
16 ივნისს პრეზიდენტების რანგში ჯო ბაიდენისა და რუსეთის პირველი პირის, ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა ლა გრანჟის ვილაში იგეგმება.
გავრცელებული ინფორმაციით, ვილაში პირველი რუსეთის პრეზიდენტი მივა, შემდეგ ლიდერები შვეიცარიის პრეზიდენტს შეხვდებიან, რის შემდეგაც ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა ვილის ბიბლიოთეკაში დაიწყება. როგორც ცნობილია, შეხვედრას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და თარჯიმნები დაესწრებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება და 4-5 საათი გაგრძელდება.
ჯო ბაიდენი ჟენევაში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ჩავიდა. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, რუსეთის პრეზიდენტი პანდემიის დაწყების შემდეგ საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტით პირველად მიდის.