ჯო ბაიდენის თქმით, მისი გუნდი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან ძალაუფლების გადაცემის პროცესში დაბრკოლებებს აწყდება
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი გუნდი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან ძალაუფლების გადაცემის პროცესში აუცილებელ ინფორმაციას ვერ იღებს და დაბრკოლებებს აწყდება. კერძოდ, ბაიდენის გუნდმა თავდაცვის, მენეჯმენტისა და ბიუჯეტის დეპარტამენტისგან საჭირო ცნობები ვერ მიიღო. ამის შესახებ მან ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ახლა ჩვენ ვერ ვიღებთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც მიმავალი ადმინისტრაციისგან ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებში გვჭირდება“, – განაცხადა ბაიდენმა.
მან ტრამპის ადმინისტრაციის ამ ქმედებას უპასუხისმგებლობა უწოდა და აღნიშნა, რომ მის გუნდს აშშ-ის ძალების პოზიციების შესახებ მკაფიო სურათი სჭირდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უწყებებმა, რომელთაც ქვეყნის უსაფრთხოებაში გადამწყვეტი როლი აკისრიათ, „უდიდესი ზიანი“ განიცადეს.
ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ, აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, კრისტოფერ მილერმა აღნიშნა, რომ უწყება ძალაუფლების გადაბარების მხარდასაჭერად მაქსიმალური პროფესიონალიზმით მუშაობდა. მისი თქმით, თავდაცვის დეპარტამენტმა ბაიდენის გუნდს იმაზე მეტი ინფორმაცია გადასცა, ვიდრე ისინი თავად ითხოვდნენ. დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, პენტაგონი ბაიდენის გუნდის მიმართ „სრულად გამჭვირვალე“ იყო.
14 დეკემბერს აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ ჯო ბაიდენი 3 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადა. კოლეგიის მიერ დამოწმებული შედეგები ოფიციალურად 6 იანვარს გამოცხადდება, 20 იანვარს კი, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება და ჯო ბაიდენი თეთრ სახლს გადაიბარებს. დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს კვლავ არ აღიარებს.