ჯო ბაიდენის თქმით, ეკონომიკაზე საუბრისას დონალდ ტრამპის მიერ ჯორჯ ფლოიდის მოხსენიება „საზიზღრობა“ იყო
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ეკონომიკაზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჯორჯ ფლოიდის მოხსენიება „საზიზღრობა“ იყო.
ტრამპმა მინეაპოლისში გარდაცვლილი აფრო-ამერიკელი მამაკაცი მაშინ ახსენა, როდესაც აშშ-ში უმუშევართა რიცხვის შემცირებაზე საუბრობდა. ტრამპმა განაცხადა: „ახლა ჯორჯი გვიყურებს და ფიქრობს რომ შესანიშნავი დღეა“.
ბაიდენმა თქვა, რომ ტრამპის ეს გამონათქვამი არის „საზიზღარი“.
„ჯორჯ ფლოიდის ბოლო სიტყვები – „მე ვერ ვსუნთქავ“ ექოსავით განმეორდა მთელ მსოფლიოში. ჩემი აზრით, პრეზიდენტის მხრიდან ჯორჯ ფლოიდის სახელით საუბარი საზიზღრობა იყო“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. ინციდენტს აშშ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.