ჯო ბაიდენის მრჩეველი - აშშ ტაივანსა და ჩინეთს შორის დაძაბულობის გამო შეშფოთებულია
ჯო ბაიდენის მრჩეველი - აშშ ტაივანსა და ჩინეთს შორის დაძაბულობის გამო შეშფოთებულია

აშშ ტაივანსა და ჩინეთს შორის დაძაბულობის გამო ღრმადაა შეშფოთებული, – ამის შესახებ განცხადება ბიბისისთან ინტერვიუში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა.

მისი თქმით, ვაშინგტონი ხმას აიმაღლებს დესტაბილიზაციური ქმედებების საწინააღდმეგოდ.

ეს განცხადება ჯეიკ სალივანმა აშშ-ში ჩინეთის ელჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა ტაივანის საჰაერო სივრცეში დიდი რაოდენობით თვითმფრინავები გააგზავნა.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მისი დაბრუნების მიზნით ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.

„ჩვენ ხმას ავიმაღლებთ და ვილაპარაკებთ როგორც პირად საუბრებში, ისე საჯაროდაც, როდესაც დავინახავთ ფუნდამენტურად დესტაბილიზაციურ ქმედებებს“, – განაცხადა ბაიდენის მრჩეველმა.

კითხვაზე, მზადაა თუ არა აშშ ტაივანის დასაცავად სამხედრო ქმედებებისთვის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა უპასუხა, რომ აშშ იმოქმედებს ახლა, რათა ეს დღე არ დადგეს.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის მიუხედავად, აშშ განაგრძობს საკუთარი ინტერესების დაცვას მსოფლიოში.

„აშშ ვალდებულია, იმუშაოს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, დავიცვათ ჩვენი მეგობრები და ინტერესები, და ამის გაკეთებას ვაპირებთ“, – განაცხადა სალივანმა.