„ნიუ იორკ თაიმსი“ - ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დროს ეროვნულ გვარდიას იარაღი დაურიგდება
„ნიუ იორკ თაიმსი“ - ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დროს ეროვნულ გვარდიას იარაღი დაურიგდება

ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დროს ეროვნულ გვარდიას იარაღს დაურიგებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის სახმელეთო შეიარაღებული ძალების მდივანმა რაიან მაკკარტიმ 6 იანვარს კაპიტოლიუმთან განვითარებული მოვლენების შემდეგ მიიღო. მაკარტის განკარგულებით, შეიარაღებული გვარდიელები ინაუგურაციის დღეს კონგრესის შენობასთან დაიცავენ უსაფრთხოებას.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, გვარდიის შეიარაღება მაკკარტიმ წარმომადგენლთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსისთან შეხვედრის შემდეგ მიიღო, რომელზეც დემოკრატების ლიდერმა პენტაგონისგან ძალის დემონსტრირება მოითხოვა. მანამდე მაკკარტიმ განაცხადა, რომ გვარდიელებს „ემ-4“-ტიპის კარაბინებს და „ბერეტას“ პისტოლეტებს დაურიგებენ.

ეროვნული გვარდიის მობილიზაცია ვაშინგტონში უკვე დაწყებულია. სულ, 20 იანვარს აშშ-ის დედაქალაქში 15 ათასი გვარდიელის ჩასვლაა დაგეგმილი. პენტაგონში აცხადებენ, რომ 20 იანვარს ვაშინგტონში დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამო შეშფოთებულები არიან. მათივე ცნობით, ინაუგურაციის დღეს აქციის ჩატარებას სულ მცირე 16 ჯგუფი გეგმავს, რომელთა ნაწილიც აცხადებს, რომ დემონსტრანტები შეიარაღებულები იქნებიან.

თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ინაუგურაციის დღეს მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარებისთვის ემზადებიან. მათ შორის არის სცენარი, როდესაც მომიტინგეები მაღალჩინოსნებს დაესხმებიან თავს, ან შეზღუდულ საჰაერო სივრცეში „კამიკაძე“ თვითმფრინავები შეიჭრებიან, ასევე განიხილება ვარიანტი, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. დრონებს გამოიყენებენ.