ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის კორონავირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს განიხილავს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის კორონავირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს, რომ აშშ-ის ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს. როგორც სააგეტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჯო ბაიდენმა მედიას განუცხადა.

„ეს საკითხი ახლა განიხილება“, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტს შესაბამისი შეკითხვაზე პასუხად.

ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტი მომდევნო ნაბიჯების გამოცხადებას ხუთშაბათს გეგმავს.

„მეტი ვაქცინის გაკეთება და პირბადეების ტარება იმ რაიონებში, სადაც „დელტა“ ვარიანტი ყველაზე მეტად არის გავრცელებული, მოგვცემს შესაძლებლობას, თავიდან ავიცილოთ ლოკდაუნები, დახურვები, სკოლების დახურვა და შეფერხებები, რაც 2020 წელს ვიხილეთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, 2020 წლისგან განსხვავებით, დღეს არსებობს სამეცნიერო ცოდნა და ინსტრუმენტები, რათა თავიდან იყოს აცილებული დაავადების გავრცელება.

„ჩვენ ამას (ლოკდაუნს) არ დავუბრუნდებით“, – აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ჯანდაცვის ექსპერტები კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის სწრაფად გავრცელების გამო კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს დახურულ სივრცეში, იმ რეგიონებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია, პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებენ.