ჯო ბაიდენი - ვირუსს 200 000 ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა, პრეზიდენტი კი პანიკაში ჩავარდა და ვერ შეძლო საკუთარი მოქალაქეების დაცვა
ჯო ბაიდენი - ვირუსს 200 000 ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა, პრეზიდენტი კი პანიკაში ჩავარდა და ვერ შეძლო საკუთარი მოქალაქეების დაცვა

აშშ-ის დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის შეფასებით, მისი რესპუბლიკელი ოპონენტი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ კრიზისს სათანადოდ ვერ გაუმკლავდა.

როგორც ბაიდენმა დონალდ ტრამპთან პირველ საპრეზიდენტო დებატებისას აღნიშნა, „ვირუსს 200 000 ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა, პრეზიდენტი კი, პანიკაში ჩავარდა და ვერ შეძლო საკუთარი მოქალაქეების დაცვა, რადგან ის ეკონომიკაზე უფრო მეტად ღელავდა“.

„ის ჯერ კიდევ არ აღიარებს, რომ იცოდა რაც ხდებოდა, იცოდა რამდენად საშიში იყო ჯერ კიდევ თებერვალში და არ გითხრათ. მრავალი ადამიანი დაიღუპა და კიდევ მრავალი დაიღუპება, ვიდრე ის დაჭკვიანდება. ეს არის კაცი, რომელიც ამბობდა, რომ ვირუსი აღდგომისთვის გაქრებოდა. იქნებ, მათეთრებლის ინექცია გაგეკეთებინა ვენაში და ამას მოეგვარებინა“ , – განაცხადა ბაიდენმა დონალდ ტრამპის მისამართით.

თავის მხრივ, როგორც აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ბაიდენის მოწოდებების შესაბამისად, რომ ემოქმედათ და საზღვრები არ დაეხურათ, მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა.

ოპონენტებმა დებატების დროს ერთმანეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებითაც დაუპირისპირდნენ. ტრამპის განცხადებით, ვაქცინა ხელმისაწვდომი უახლოეს მომავალში იქნება, როგორც ამის შესახებ მას ფარმაცევტული კომპანიები ატყობინებენ. თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა დაავადებათა ეროვნული ცენტრის განცხადებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სამედიცინო წრეებში ვაქცინას მხოლოდ წლის მიწურულისთვის ელიან.

ჯო ბაიდენმა დებატებისასა ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს სურს, თავიდან მოიშოროს ყველასათვის ხელმისაწვდომი „ობამაქეარის“ ჯანდაცვის პროგრამა.

დებატების მოდერატორის, კრის უოლასის კითხვაზე, რა არის ტრამპის ჯანდაცვის გეგმა, რომლითაც ის გეგმავდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში „ობამაქეარის“ პროგრამის შეცვლას და დღემდე არ განუხორციელებია, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მან „ობამაქეარიდან“ ინდივიდუალური მანდატის სისტემა ამოიღო.