ჯო ბაიდენი - უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს საკმარისი შესაძლებლობები რუსეთის სამომავლო აგრესიისგან თავის დასაცავად, რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს
ჯო ბაიდენი - უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს საკმარისი შესაძლებლობები რუსეთის სამომავლო აგრესიისგან თავის დასაცავად, რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში შეხვდა.

შეხვედრაზე ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, ასევე ქვეყნის მომავალი ევროკავშირსა და ნატო-ში.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის პოზიციები ბრძოლის ველზე. ამიტომ დღეს სიამაყით ვაცხადებ ახალი 2.4 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის შესახებ. ასევე, მივეცი მითითება პენტაგონს, გამოყოს უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების დარჩენილი თანხები ჩემი ვადის ბოლომდე, 20 იანვრამდე“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს საკმარისი შესაძლებლობები რუსეთის სამომავლო აგრესიისგან თავის დასაცავად. რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს. უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენ გვერდით დავუდგებით მათ ყოველ ნაბიჯზე“, – აღნიშნა ბაიდენმა.

თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს მხარდაჭერისთვის.

„ძალიან ვაფასებთ, რომ უკრაინა და აშშ გვერდიგვერდ დგანან რუსეთის ამ საშინელი შემოჭრის პირველივე წუთებიდან. თქვენი გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი გამარჯვებისთვის. დღეს დილით შევხვდი სენატსა და წარმომადგენელთა პალატას. მადლობა ურყევი ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ერთად უნდა გავიმარჯვოთ და გავიმარჯვებთ კიდეც“, – განაცხადა ზელენსკიმ.