ჯო ბაიდენი - უცხო ძალას ვერ მივცემთ საშუალებას, ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, ეს ვერ დარჩება დაუსჯელი
რუსეთი თუ გააგრძელებს ჩვენს დემოკრატიაში ჩარევას, მზად ვარ საპასუხო ზომების გასატარებლად, ეს ჩემი, როგორც ამერიკის პრეზიდენტის მოვალეობაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„გასულ კვირას ვესაუბრე პუტინს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ხასიათზე. ეს იყო პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი. ჩვენ ვერ მივცემთ უცხო ძალას საშუალებას, ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში და ეს ვერ დარჩება დაუსჯელი. მე მას ვუთხარი, თუ აღმოჩნდება, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც ვფიქრობ, რომ იყო ჩარევა ჩვენს არჩევნებში, ეს პასუხგაუცემელი არ დარჩებოდა. შემდეგ ხელისუფლების გადაცემის პროცესში როცა უფრო მეტი რამ გავიგეთ სოლრდვინდზე, როდესაც პუტინმა დამირეკა იანვარში მოსალოცად, მე მას ვუთხარი, რომ ჩემი ადმინისტრაცია ყურადღებით სწავლობს საქმეს. როცა კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ ამ კვირაში, ვუთხარი, რომ პროპორციული ზომით ვუპასუხებდით, რადგან ჩვენ დავასკვენით, რომ ისინი ჩაერივნენ ჩვენს არჩევნებში“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
მისივე თქმით, დღეს ხელი მოაწერა ახალი ზომების შესახებ ბრძანებას.
„მე ნათლად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩვენ უფრო შორს წასვლაც შეგვეძლო, მაგრამ მე ეს არ ავირჩიე. ავირჩიე, რომ ვყოფილიყავი პროპორციული. ამერიკა არ ცდილობს რუსეთთან სიტუაციის ესკალაციას და კონფლიქტს. ჩვენ გვინდა სტაბილური დაცული ურთიერთობა. თუ რუსეთი გააგრძელებს ჩვენს დემოკრატიაში ჩარევას, მე მზად ვარ საპასუხო ზომების გასატარებლად. ეს ჩემი, როგორც ამერიკის პრეზიდენტის მოვალეობაა. ჩვენი კონკურენტულობის დიდი ხნის ისტორიის განმავლობაში ჩვენი ქვეყნები პოულობდნენ გზას, თავი გაერთვათ დაძაბულობისთვის. როდესაც პუტინს ვესაუბრე, გამოვხატე ჩემი რწმენა, რომ ჩვენი პერსონალური და პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია წინსვლისა და უფრო ეფექტური ურთიერთობისთვის და ის დამეთანხმა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინს შესთავაზა ზაფხულში პირადად შეხვედრა ევროპაში, რათა უპასუხონ იმ საკითხებს, რომლებიც ორი ქვეყნის წინაშე დგას.
„ჩვენი გუნდები ამ შესაძლებლობას განიხილავენ. მე პრეზიდენტ პუტინს ნათლად ვუთხარი, რომ ამერიკა მტკიცეა ევროპაში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერაში. ამ ნაწილში შეშფოთება გამოვთქვი უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების გააქტიურების გამო და ოკუპირებულ ყირიმზე. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მკაცრად მოვუწოდე ნებისმიერი სამხედრო ქმედებისგან თავის შეკავებისკენ. ახლა არის დეესკალაციის დრო. გზა არის დიალოგი და დიპლომატიური პროცესი. სადაც იქნება ამერიკის ინტერესი, რომ იმუშაოს რუსეთთან ერთად, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ და ვითანამშრომლებთ. თუ რუსეთი დაარღვევს ამერიკის ინტერესებს, ჩვენ ვუპასუხებთ. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ჩვენი ქვეყნის, ხალხის, ინსტიტუტებისა და მოკავშირეების დაცვის მხარეს“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
მისივე თქმით, როდესაც ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტად არჩევის მისალოცად დაურეკა, მას მაშინაც განუცხადა, რომ თუ კიბერთავდასხმასა და არჩევნებში ჩარევაში რუსეთის მონაწილეობა დადასტურდებოდა, საპასუხო ზომებს მიიღებდა.
„როდესაც დამირეკა და მომილოცა, ვუთხარი, რომ თუ დამტკიცდებოდა, რომ რუსეთი დამნაშავე იყო კიბერთავდასხმაზე და არჩევნებში ჩარევაზე, მე ვუპასუხებდი. მე მოვუწოდე მას, რომ ეპასუხა შესაბამისად, გადაჭარბების გარეშე, რადგან იმავეს გაკეთება ჩვენც შეგვიძლია“, – დასძინა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.