ჯო ბაიდენი - საქმე იმდენად ცუდადაა, რომ დონალდ ტრამპმაც კი გადაწყვიტა, საზოგადოებაში პირბადე ატაროს
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების გამო აკრიტიკებს. ჯო ბაიდენის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი მოქალაქეებს ჯანმრთელობისა და ეკონომიკის დაცვას შორის ყალბი არჩევანის წინაშე აყენებს.
„აკეთეთ თქვენი საქმე, ბატონო პრეზიდენტო. რადგან თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში კრიზისს, ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ეკონომიკურ კრიზისს ან თითქმის 18 მილიონ უმუშევრად დარჩენილ ამერიკელს, ასევე, მცირე ბიზნესისათვის და ფერადკანიანი მოსახლეობისთვის მიყენებულ წარმოუდგენელ ტკივილს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა დელავერში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებელი, რომელიც უკვე მიუღებლად მაღალია და კიდევ იზრდება, არის ტრამპის მიერ პანდემიაზე წარუმატებელი რეაგირების ინდიკატორი.
„საქმე იმდენად ცუდადაა, რომ დონალდ ტრამპმაც კი გადაწყვიტა, საზოგადოებაში პირბადე ატაროს. მოხარული ვარ, რომ მან აზრი შეიცვალა. ბატონო პრეზიდენტო, ეს არასაკმარისია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
„დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების რჩევები გაითვალისწინოს.