ჯო ბაიდენი - რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, აშშ, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, გადამწყვეტ მოქმედებებს განახორციელებს
რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, ამერიკის შეერთებული შტატები, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, გადამწყვეტ მოქმედებებს განახორციელებს, – თეთრი სახლის პრესსპიკერ ჯენ პსაკის განცხადებით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა. ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს, რომელიც მომავალ კვირას აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგით დაიწყება.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას პრინციპის მიმართ „არაფერი შენზე შენ გარეშე“. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ბაიდენმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა ნდობის აღდგენის ღონისძიებებისადმი დონბასში დაძაბულობის დეესკალაციისთვის და აქტიური დიპლომატიის მიმართ მინსკის შეთანხმებების განხორციელების წინსვლისთვის, ნორმანდიული ფორმატის მხარდაჭერით“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.