ჯო ბაიდენი - რუსეთი უკრაინაში შეჭრას თუ აირჩევს, ნატო მზადაა ამისთვის
უკრაინის კრიზისის ფონზე, შეერთებული შტატები და გერმანია რუსული აგრესიის საკითხის განსახილველად მზად არიან, – ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
აშშ-ის ლიდერის თქმით, ბერლინი ვაშინგტონის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა და ისინი ევროპაში რუსული აგრესიის შემდგომი შეკავებისთვის ერთობლივად მუშაობენ.
„გერმანია და შეერთებული შტატები, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მჭიდროდ მუშაობენ დიპლომატიური რეზოლუციების გასატარებლად. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, კეთილსინდისიერად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები რუსეთთან. გერმანია ასევე არის ლიდერი, რომელიც დაძაბულობის დეესკალაციისკენ უბიძგებს და „ნორმანდიული ფორმატის“ მეშვეობით დიალოგს უწყობს ხელს. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შემდგომ შეჭრაზე გააკეთებს არჩევანს, ჩვენ ერთობლივად ვართ მზად ამისთვის და ნატო მზადაა ამისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საუბრისას მხარეებმა მჭიდრო ალიანსის შენარჩუნებისა და ძლიერი სასანქციო პაკეტის შემუშავების საკითხები განიხილეს, რომელიც საკითხის საერთაშორისო გადაწყვეტას ნათლად გამოხატავს და დააწესებს სწრაფ, მძიმე შედეგებს, თუ რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს.
„თუ რუსეთი შეიჭრება, ეს ნიშნავს, რომ ტანკები ან ჯარები კვლავ გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს და მაშინ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ იქნება“, – დაამატა ბაიდენმა.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, გერმანია და შეერთებული შტატები იმ ნაბიჯებს გადადგამენ, რომლებიც აუცილებელია რუსულ აგრესიასთან საბრძოლველად.
„ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო საფრთხე არსებობს და ჩვენ არ შეგვიძლია, ამაზე გავჩუმდეთ. ჩვენ ვხედავთ დიდ სამხედრო ძალას უკრაინის საზღვრის გასწვრივ. ეს ევროპის უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხეა და ამიტომაც მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ ერთად, ვიდგეთ ერთად და ერთად გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა“, – განაცხადა შოლცმა.