ჯო ბაიდენი - ოჯახების განცალკევების პოლიტიკა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი შავი ლაქაა
ჯო ბაიდენი - ოჯახების განცალკევების პოლიტიკა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი შავი ლაქაა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე კვირის განმავლობაში გატარებული არალეგალი მიგრანტების განცალკევების პოლიტიკა ამერიკის უახლესი ისტორიის სამარცხვინო ეპიზოდად შეაფასა.

„კრიმინალური შემთხვევების მხოლოდ მიგრანტებზე გადაბრალება გროტესკია, მცდარი ფაქტების შეკოწიწება, რაც სიმართლეს ამახინჯებს. ტრამპის განცალკევების პოლიტიკა რეალურად მშობლებისთვის შვილების წართმევა იყო და სხვა არაფერი. ეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი შავი ლაქაა”,  – განაცხადა ბაიდენმა NBC-ის ეთერში.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ფასეულობა ადამიანის ღირსებაა, რომლის შელახვის უფლება არავის აქვს.

განცალკევების პოლიტიკა, რომელიც საზღვრის დამრღვევი მიგრანტის დაპატიმრებას და მისი თანმხლები მოზარდის სპეციალურ თავშესაფარში გადაყვანას ითვალისწინებს, ტრამპის ადმინისტრაციამ მაისის დასაწყისში გამოაცხადა. ამ პოლიტიკის ფარგლებში აშშ-მექსიკის საზღვარზე 1700 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, მათი შვილები კი, 2300-მდე ბავშვი სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს.

ტრამპის „ნულოვანმა ტოლერანტობამ“ მიგრანტების მიმართ აშშ-ის მოსახლეობაში ვნებათაღელვა გამოიწვია. დაიწყო ფართომასშტაბიანი აქციები ამერიკის სხვადასხვა ქალაქში. საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, დონალდ ტრამპმა „განცალკევების პოლიტიკის“ დასრულების შესახებ განკარგულებას ხელი ივნისში მოაწერა.