ჯო ბაიდენი მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა
ჯო ბაიდენი მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა. ამის შესახებ მან ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ში პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობამ 600 ათასს მიაღწია. მან ყველა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

„თუ არ ხართ ჯერ ვაქცინირებულები, გაიკეთეთ აცრა, რაც შეიძლება მალე. ჩვენ ვირუსის დასამარცხებლად კიდევ გვაქვს სამუშაო და ახლა მოდუნების დრო არ არის. გთხოვთ, გაიკეთეთ აცრა, რაც შეიძლება მალე, ჩვენ საკმარისი ტკივილი გამოვიარეთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის ლიდერის თქმით, ქვეყანამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდ პროგრესს მიაღწია და აშშ ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება, გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა კი მკვეთრად შემცირდა. თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში, გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 370-ს შეადგენდა, რაც ჯერ კიდევ ტრაგედიაა.