ჯო ბაიდენი კონგრესს 1,9 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის მიღებისკენ მოუწოდებს
ჯო ბაიდენი კონგრესს 1,9 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის მიღებისკენ მოუწოდებს

განახლებული მონაცემები, რომლებიც აშშ-ს შრომის ბაზრის სისუსტეებს აჩვენებს, კონგრესის მხრიდან კორონავირუსის კანონპროექტთან დაკავშირებით აგრესიული ქმედებების აუცილებლობას ადასტურებს, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

თეთრ სახლში წარმომადგენელთა პალატის დემოკრატ ლიდერებთან შეხვედრის დროს ბაიდენმა კორონავირუსთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე ტემპებით აშშ-ს 10 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ სრული დასაქმების ფაზას დაუბრუნდეს.

„ეს ხალხის ცხოვრებაა. რეალურ ცხოვრებაში ადამიანებს ზიანი ადგებათ და ჩვენ ამის გამოსწორება შეგვიძლია. როდესაც ჩვენ მათ ვეხმარებით, ჩვენს კონკურენტუნარიანობასაც ვზრდით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ში იანვარში დასაქმების მაჩვენებლის ზრდა მოსალოდნელზე ნაკლები იყო, სამუშაო ადგილი კი იმაზე მეტმა ადამიანმა დაკარგა, ვიდრე ეს თავდაპირველად მოიაზრებოდა. როგორც „როიტერი“ წერს, ამან გააძლიერა არგუმენტი მთავრობის მხრიდან დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფის საჭიროების შესახებ.

„როიტერის“ ინფორმაციით, ბაიდენი აშშ-ს კონგრესს 1,9-ტრილიონიანი ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის მიღებისკენ მოუწოდებს, რომელსაც ძირითადად ის რესპუბლიკელი კანონმდებლები ეწინააღმდეგებოდნენ, რომლებიც ახლა სახელმწიფო ვალის ზრდით არიან შეწუხებულები.