ჯო ბაიდენი - კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული
ჯო ბაიდენი - კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული

კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთსა და ჩინეთს არ უჩვენებიათ რაიმე სახის ვალდებულება, რომელიც მიმართულია კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისკენ.

„არსებობს მიზეზი, რის გამოც ხალხი იმედგაცრუებული უნდა იყოს. მე თვითონ ვარ იმედგაცრუებული. მაგრამ ჩვენ მივიღეთ მთელი რიგი დებულებები ნახშირის სუბსიდიების დასასრულებლად. ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, რომ ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ფოკუსირება იმაზე, თუ რას არ აკეთებს ჩინეთი, რას არ აკეთებს რუსეთი, რას არ აკეთებს საუდის არაბეთი“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ დიდი ოცეულის სამიტზე სხვა ქვეყნების ლიდერებთან პროდუქტიული შეხვედრები ჰქონდა. ბაიდენის თქმით, გლობალური კორპორაციული გადასახადის დაწესება ყველა ქვეყნისთვის წარმოუდგენელი გამარჯვებაა.