ჯო ბაიდენი ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობისა და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე
ჯო ბაიდენი ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობისა და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც წერილშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! მსურს, თქვენ და ქართველს ერს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ. ქართველი და ამერიკელი ხალხი ერთმანეთთან ძლიერ არიან დაკავშირებულნი დამოუკიდებელი სულისკვეთებით და თავისუფლებისადმი ზიარი ერთგულებით.

საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიო მასშტაბით თავისუფლების დაცვისას. დიდად ვაფასებთ თქვენს მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს ჩვენი 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში, მათ შორის ავღანეთში ჩვენი საერთო ვალდებულებისა და თავგანწირვის კონტექსტში.

საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა აქვე ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ბევრ ქართველს უზღუდავს ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობას. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდებს, დაასრულოს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

შეერთებული შტატები ასევე გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე. შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხისადმი მტკიცე პარტნიორობის აღმოჩენას რეფორმების განხორციელების პროცესში და ქვეყნის ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში სწორუპოვარი პოზიციის განმტკიცებაში“, – აღნიშნულია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.