ჯო ბაიდენი - ფასები ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო იზრდება, მომარაგება საკმარისი არ არის, თუ გვჭირდება გაზის ფასების შემცირება, ნავთობის მიწოდება უნდა გავზარდოთ
ფასები ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო იზრდება, მომარაგება საკმარისი არ არის, თუ გვჭირდება გაზის ფასების შემცირება, ნავთობის მიწოდება უნდა გავზარდოთ, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბაიდენის თქმით, აშშ სტრატეგიული მარაგიდან რეკორდული რაოდენობის ნავთობს გასაყიდად გამოიტანს. მისივე თქმით, ყოველდღიურად ბაზარზე ერთ მილიონ ბარელ ამერიკულ ნავთობს გაიტანენ და ეს ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
„დღეს გავეცი ნებართვა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში სტრატეგიული მარაგიდან ყოველდღიურად მილიონი ბარელი ნავთობი გაიტანონ ბაზარზე“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება.
„ჩვენთან ფასები იზრდება ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო. მომარაგება საკმარისი არ არის. თუ ჩვენ გვჭირდება გაზის ფასების შემცირება, უნდა გავზარდოთ ნავთობის მიწოდება“, – განაცხადა ბაიდენმა.