ჯო ბაიდენი ერაყის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გმობს
ჯო ბაიდენი ერაყის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გმობს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-კადიმიზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს. შესაბამის განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ბაიდენი აცხადებს, მოხარულია, რომ ერაყის მთავრობის ხელმძღვანელი თავდასხმის შედეგად არ დაშავებულა და მოსახლეობას სახელმწიფო ინსტიტუტების დასაცავად სიმშვიდის, თავშეკავებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ერაყის სახელმწიფოზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზატორები და შემსრულებლები უნდა დაისაჯონ.

„მე დავავალე ჩემს ეროვნულ უსაფრთხოების გუნდს, შესთავაზონ ყველა შესაბამისი დახმარება ერაყის უსაფრთხოების ძალებს, რადგან ისინი იძიებენ ამ თავდასხმას და აიდენტიფიცირებენ დამნაშავეებს. აშშ მტკიცედ დგას ერაყის მთავრობისა და ხალხის გვერდით, ერაყის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ერაყის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა. სამხედროების ინფორმაციით, ეს იყო მკვლელობის მცდელობა. მუსტაფა ალ-კადიმი უვნებელი გადარჩა. თუმცა, არსებული ცნობებით, დაშავდა მისი პირადი დაცვის რამდენიმე წევრი. თავდასხმის შედეგად, დაზიანდა შენობა და მანქანა.