ჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მისაღებად რვაწლიან პერიოდს შესთავაზებს
ჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მისაღებად რვაწლიან პერიოდს შესთავაზებს

ჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღებისთვის რვაწლიან გზას შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საიმიგრაციო კანონპროექტის გამოქვეყნებას ადმინისტრაციის პირველ დღეს გეგმავს. კანონპროექტი ლეგალური სტატუსის გარეშე აშშ-ში მცხოვრებ დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს მოქალაქეობისკენ 8-წლიანი გზის გავლას შესთავაზებს.

მსგავსი საიმიგრაციო პოლიტიკა ტრამპის მკაცრი პოლიტიკისგან რადიკალურად განსხვავებულია. კანონპროექტი ბაიდენს ლათინოამერიკელი ამომრჩევლებისა და სხვა ემიგრანტების მიმართ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაცემული მთავარი დაპირების შესრულების გზაზე აყენებს. „ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი კანონპროექტის წარდგენას ინაუგურაციის შემდეგ გეგმავს.

კანონპროექტის მიხედვით, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, აშშ-ში ლეგალური სტატუსის გარეშე მცხოვრებ ადამიანებს ხუთწლიანი გზის გავლა მოუწევთ დროებითი ლეგალური სტატუსის ან მწვანე ბარათის მოსაპოვებლად, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმებას გაივლიან და სხვა ძირითად მოთხვონებს დააკმაყოფილებენ. ამის შემდეგ ემიგრანტებს ნატურალიზაციამდე სამწლიანი გზის გავლა მოუწევთ, თუ მოქალაქეობის მიღებას გადაწყვეტენ.

როგორც „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, ზოგიერთ შემთხვევაში ემიგრანტებისთვის პროცესი უფრო დაჩქარებული იქნება. აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატობის დროს, ჯო ბაიდენმა იმიგრაციასთან დაკავშირებული ტრამპის ქმედებები ამერიკულ ღირებულებებზე მუდმივ თავდასხმად შეაფასა.

დატოვე კომენტარი