ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპი ლუზერია, ემიგრანტების დემონიზებამდე დაეცა, მათ ცხოველებს უწოდებს, რასის შესახებ იგივე იდეები აქვს, რაც 1930-იან წლებში არსებობდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფილადელფიაში გამართულ ღონისძიებაზე ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადა და ამომრჩევლებს მოუწოდა, აირჩიონ ის ქვეყნის მომდევნო პრეზიდენტად.
ამასთან ბაიდენმა განაცხადა, რომ კამალა ჰარისი საკუთარ გზას თავად გაიკვლევს.
„ყველა პრეზიდენტმა საკუთარი გზა თავად უნდა გაიკვლიოს. ეს არის ის, რაც მე გავაკეთე. მე ბარაკ ობამას ერთგული ვიყავი, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა, საკუთარი გზა გავიკვლიე. ეს არის ის, რასაც კამალა გააკეთებს“, – განაცხადა ბაიდენმა.
გარდა ამისა, თეთრი სახლის ამჟამინდელმა ლიდერმა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და მას ლუზერი უწოდა.
„ჰარისმა დებატებში ისე დაამარცხა ტრამპი, რომ მას ეშინია კვლავ დამარცხების, იცის, რომ კვლავ წააგებს, ეს ფაქტია, ის ლუზერია“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა მიგრანტებთან დაკავშირებით ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ტრამპი რასიზმის გაღვივებასა და გასული საუკუნის იდეების გაჟღერებაში დაადანაშაულა.
„ტრამპი ემიგრანტების დემონიზებამდე დაეცა, მათ ცხოველებს უწოდებს, ამბობს, რომ კარგი გენები არ აქვთ, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის სისხლს წამლავენ. ეს იდეა ავადმყოფურია, იცით, ეს ჩვენს შიშებზე თამაშისთვისაა განკუთვნილი. არაამერიკულია, დაფიქრდით ამაზე. ტრამპი მალავდა თავის რასიზმს, მაგრამ ახლა ამას ღიად აკეთებს. რასის შესახებ იგივე იდეები აქვს, რაც 1930-იან წლებში არსებობდა. უკან ვერ დავბრუნდებით, ძალიან დიდი პროგრესი განვიცადეთ, წინსვლა უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ბაიდენმა.