ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უპასუხისმგებლო პრეზიდენტად დაამახსოვრდებათ
ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უპასუხისმგებლო პრეზიდენტად დაამახსოვრდებათ

ჯო ბაიდენის განცხადებით, დონალდ ტრამპის უარი, აღიაროს არჩევნების შედეგები, მსოფლიოსთვის „საშინელი გზავნილია“. დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა იცოდა, რომ 2020 წლის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებდა, ხოლო მისი საქციელი არჩევნების შემდეგ „საოცრად უპასუხისმგებლოა“.

ეს განცხადება ჯო ბაიდენმა იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლის პროცესის დასრულების შემდეგ დადასტურდა, რომ ამ შტატში მან გაიმარჯვა.

გუბერნატორებთან გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპი არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარის თქმით, „დემოკრატიის ფუნქციონირების შესახებ მთელ მსოფლიოს დამაზიანებელ გზავნილს უგზავნის“. ბაიდენის შეფასებით, ტრამპი „აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უპასუხისმგებლო პრეზიდენტად დაამახსოვრდებათ“.

შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. დონალდ ტრამპი მარცხის აღიარებაზე უარს ამბობს და არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ხმების დათვლის პროცესში არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. სპეციალურ პრესკონფერენციაზე აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იურისტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა და ადვოკატმა რუდი ჯულიანინ არჩევნებზე თაღლითობაში დემოკრატიული პარტიის წევრები დაადანაშაულა.