ჯო ბაიდენი - დღევანდელი მდგომარეობით, ჩემმა ადმინისტრაციამ სახლში დააბრუნა 70-ზე მეტი ამერიკელი, რომლებიც უკანონოდ დააპატიმრეს ან მძევლად აიყვანეს საზღვარგარეთ, ბევრი მათგანი ჩემს პრეზიდენტობამდე
სასტიკი განსაცდელი დასრულებულია, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთთან პატიმრების გაცვლის შედეგად 16 ადამიანის გათავისუფლებას. გათავისუფლებულებს შორის აშშ-ის სამი მოქალაქე და „მწვანე ბარათის“ ერთი მფლობელია.
ჯო ბაიდენმა პატიმრების გათავისუფლებას „დიპლომატიისა და მეგობრობის ღვაწლი“ უწოდა.
„რამდენიმე ქვეყანამ წვლილი შეიტანა ამის გაკეთებაში, ისინი შეურთდნენ რთულ, კომპლექსურ მოლაპარაკებებს ჩემი თხოვნით“, – განაცხადა ბაიდენმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ გაცვლა შეუძლებელი იქნებოდა გერმანიის, პოლონეთის, სლოვენიის, ნორვეგიისა და თურქეთის გარეშე, რომლებიც, მისი თქმით, აშშ-ს გვერდით დაუდგნენ და მიიღეს მტკიცე და გაბედული გადაწყვეტილებები.
„მე განსაკუთრებულად მადლობელი ვარ კანცლერ ოლაფ შოლცის. მოთხოვნები, რომლებიც მათ წამიყენეს, მოითხოვდა, რომ მე გერმანიისგან გარკვეული მნიშვნელოვანი დათმობები მიმეღო, რაზეც ისინი თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ვერ გააკეთებდნენ იმ პიროვნების გამო, რომელსაც საკითხი ეხებოდა“, – განაცხადა ბაიდენმა.
ჟურნალისტის შესაბამის შეკითხვაზე, ბაიდენმა თქვა, რომ გერმანიას თანამშრომლობის სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია.
მან ხაზი გაუსვა მოკავშირეების მნიშვნელობას.
„თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, მნიშვნელოვანია თუ არა მოკავშირეების ყოლა, ეს მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მან.
ბაიდენის განცხადებით, მას არ ჰქონია საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პატიმრების გაცვლის პროცესის უზრუნველყოფის ფარგლებში. შეკითხვაზე, აპირებს თუ არა მასთან საუბარს, ბაიდენმა თქვა, რომ მას არ სჭირდება პუტინთან საუბარი.
როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, მან რუსეთში დაკავებული ამერიკელების გასათავისუფლებლად მუშაობა პრეზიდნეტის პოსტის ოფიციალურად დაკავებამდე დაიწყო.
„ჩვენი მუშაობა არ დაწყებულა პირველ დღეს. ის დაიწყო მანამდე. გარდამავალ პერიოდში მე დავავალე ეროვნული უსფართხოების გუნდს ყველა უკანონოდ დაკავებული მძევლის საქმის შესწავლა“, – განაცახადა ბაიდენმა.
მისი თქმით, ეს საქმეები მან წინა ადმინისტრაციისგან მიიღო მემკვიდრეობით.
„დღევანდელი მდგომარეობით, ჩემმა ადმინისტრაციამ სახლში დააბრუნა 70-ზე მეტი ამერიკელი, რომლებიც უკანონოდ დააპატიმრეს ან მძევლად აიყვანეს საზღვარგარეთ, ბევრი მათგანი ჩემს პრეზიდენტობამდე“, – განაცხადა მან.
შეკითხვაზე, რა გზავნილი აქვს დონალდ ტრამპისთვის, რომელმაც განაცხადა, რომ ის შეძლებდა ამ მძევლებს დაბრუნებას ისე, რომ სანაცვლოდ არავინ გადაეცა, ბაიდენმა უპასუხა: „რატომ არ გააკეთა ეს, როდესაც ის პრეზიდენტი იყო?“
ანკარაში რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა
დასრულდა. თურქული მედიის ცნობით, გაცვლის პროცესში სულ 26 პირი მონაწილეობდა.