ჯო ბაიდენი - ჩვენი ეროვნული სტრატეგია ყოვლისმომცველია, რომელიც დაფუძნებულია მეცნიერებაზე და არა პოლიტიკაზე
ჯო ბაიდენი - ჩვენი ეროვნული სტრატეგია ყოვლისმომცველია, რომელიც დაფუძნებულია მეცნიერებაზე და არა პოლიტიკაზე

ჩვენი ეროვნული სტრატეგია ყოვლისმომცველია. ის დაფუძნებულია მეცნიერებაზე და არა პოლიტიკაზე, სიმართლეზე და არა უარყოფაზე. ის დეტალურად არის გაწერილი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

პრეზიდენტობის პირველ სრულ დღეს ბაიდენმა კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება და რამდენიმე აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია 198 გვერდისგან შედგება და თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში, ბაიდენის დაპირებით, 50 მილიონ ადამიანს ვაქცინის 100 მილიონი დოზა გაუკეთდება.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული სტრატეგის შემუშავებაში ექიმი ენტონი ფაუჩი და სხვა ექსპერტები, მრჩევლები მონაწილეობდნენ. ინაუგურაციის შემდეგ, ჯო ბაიდენმა უკვე 28 აღმასრულებელ ბრძანებას, საპრეზიდენტო მემორანდუმსა და დირექტივას მოაწერა ხელი, რომელიც ძირითადად „კოვიდ-19“-ის პანდემიას ეხება და აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებს აუქმებს. ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიხედვით, აშშ-ში ჩასული მგზავრებისთვის კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხის წარდგენა სავალდებულო ხდება.

ჯო ბაიდენის თქმით, მდგომარეობის გამოსწორებამდე მოსალოდნელია ვითარების გაუარესება. აშშ-ის პრეზიდენტის ვარაუდით, მომდევნო თვეში ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 500 ათასს გადააჭარბებს.