ჯო ბაიდენი - ჩვენ ომში ვართ ვირუსთან და არა ერთმანეთთან
ჯო ბაიდენი - ჩვენ ომში ვართ ვირუსთან და არა ერთმანეთთან

ჩვენ ომში ვართ ვირუსთან და არა ერთმანეთთან, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მადლიერების დღესასწაულთან დაკავშირებით გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ის ლოცულობს მათთვის, ვინც გასული მადლიერების დღესასწაულის შემდეგ, ახლობელი ადამიანი დაკარგა.

როგორც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, წელს მისი ოჯახი პანდემიის გამო, ტრადიციული მოგზაურობისგან თავს იკავებს.

„ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავთ, ამიტომ წელს მადლიერების დღეს ცალ-ცალკე აღვნიშნავთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, ატარონ ნიღაბი და შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია, ასევე თავი შეიკავონ ფართო შეკრებებისგან.

„ჩვენ უნდა შევეცადოთ, შევანელოთ ვირუსის ზრდა, ვალდებულები ვართ“, – აღნიშნა მან.

როგორც ჯო ბაიდენი აცხადებს, თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ, ისინი უფრო მეტ ტესტირებას ჩაატარებენ ვირუსზე, უფრო მეტი დამცავი აღჭურვილობა იქნება უზრუნველყოფილი და სხვა ზომებთან ერთად, გაიხსნება ბიზნესობიექტები და სკოლები.

ჯო ბაიდენის განცხადებით, მოსახლეობის სრულად ვაქცინაციას დრო დასჭირდება, თუმცა პირველი აცრები დეკემბრის მიწურულს და იანვრის პირველ რიცხვებში დაიწყება.