ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუს ნიუ იორკში შეხვდა
ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუს ნიუ იორკში შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ნიუ იორკში შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ განიხილეს რეგიონული და გლობალური საკითხები.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი კავშირი ორ ქვეყანას შორის, რომელიც დაფუძნებულია საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე.

„შეხვედრის დროს ორმა ლიდერმა აღნიშნა თავიანთი ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ირანმა არასდროს შეიძინოს ბირთვული იარაღი“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

შეხვედრის პარალელურად, ნიუ იორკში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები მოუწოდებდნენ აშშ-ს მხარდაჭერისკენ, რათა დაეცვათ ისრაელის დემოკრატია.

დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ისრაელის დემოკრატია საფრთხეშია და ისინი ჩამოვიდნენ ისრაელიდან, რათა შეახსენონ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ ის ვერ შეძლებს ისრაელის დემოკრატიის განადგურებას.