ჯო ბაიდენი - აშშ-ში ვაქცინაცია თუ ისე გაგრძელდება, როგორც ახლა მიმდინარეობს, მას არა თვეები, არამედ წლები დასჭირდება
ჯო ბაიდენი - აშშ-ში ვაქცინაცია თუ ისე გაგრძელდება, როგორც ახლა მიმდინარეობს, მას არა თვეები, არამედ წლები დასჭირდება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მომავალი რამდენიმე კვირა და თვე ქვეყნისთვის ძალიან რთული იქნება. ამის შესახებ ბაიდენმა დელავერში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გულწრფელები უნდა ვიყოთ, მომავალი რამდენიმე კვირა და თვე იქნება ძალიან რთული ჩვენი ქვეყნისთვის, შესაძლოა, ყველაზე რთული მთელი პანდემიის განმავლობაში. ვიცი, ეს მძიმე მოსასმენია, თუმცა ეს სიმართლეა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამასთან, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გააკრიტიკა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი.

მისი თქმით, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმით, წლის ბოლომდე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 20 მილიონი მოქალაქე უნდა ყოფილიყო აცრილი, თუმცა ვაქცინაცია ორ მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა.

ბაიდენის თქმით, თუ ვაქცინაცია ასეთი ნელი ტემპით გაგრძელდება, ამ პროცესს არა თვეები, არამედ წლები დასჭირდება.

„ვაქცინის გავრცელება ტრამპის ადმინისტრაციის გეგმას ჩამორჩება. ჩვენ მადლობელი ვართ კომპანიების, ექიმების, მეცნიერების, მკვლევარების, კლინიკური ცდების მონაწილეების და დაჩქარებული ოპერაციის ვაქცინის სწრაფი შემუშავებისთვის. თუმცა, როგორც დიდი ხნის წინ ვშიშობდი, ვაქცინის დისტრიბუციისა და ადმინისტრირების ძალისხმევა წინ არ მიიწევს ისე, როგორც საჭიროა. რამდენიმე კვირის წინ ტრამპის ადმინისტრაციამ ივარაუდა, რომ დეკემბრის ბოლომდე ვაქცინაცია 20 მილიონ ამერიკელს უნდა ჩატარებოდა. დეკემბრის დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა და ვაქცინირებული მხოლოდ რამდენიმე მილიონია, თუ ვაქცინაციის პროგრამა ისე გაგრძელდება, როგორც ახლა მიმდინარეობს, ამერიკელი ხალხის ვაქცინაციას არა თვეები, არამედ წლები დასჭირდება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.