ჯო ბაიდენი - აშშ-ის ადმინისტრაცია მზად არის, რუსეთთან აწარმოოს მოლაპარაკებები შეიარაღების კონტროლის ახალ სისტემაზე, რომელიც სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას ჩაანაცვლებს
აშშ-ის ადმინისტრაცია მზად არის, რუსეთთან ოპერატიულად აწარმოოს მოლაპარაკებები შეიარაღების კონტროლის ახალ სისტემაზე, რომელიც სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას ჩაანაცვლებს, როდესაც მას 2026 წელს ვადა ამოეწურება, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციის წინ გაავრცელა.
თუმცა, როგორც ბაიდენი აღნიშნავს, მოლაპარაკებებს სჭირდება კეთილსინდისიერი პარტნიორი. განცხადების თანახმად, რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა აგრესიამ უკრაინაში შეარყია მშვიდობა ევროპაში და განაგრძობს თავდასხმას საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე.
„ამ კონტექსტში რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ ის მზად არის, განაახლოს აშშ-სთან ბირთვული შეიარაღების კონტროლზე მუშაობა. ჩინეთს, როგორც ბირთვულ სახელმწიფოს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, ასევე ეკისრება მოლაპარაკებებში ჩართვის პასუხისმგებლობა, რაც შეამცირებს არასწორი გათვლების რისკს და აღმოფხვრის მადესტაბილიზებელ სამხედრო დინამიკას“, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.
აშშ-მა და რუსეთმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება ხუთი წლით 2021 წელს გაახანგრძლივეს.