ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ხვალ ისრაელში ვიზიტით დაიწყებს
ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ხვალ ისრაელში ვიზიტით დაიწყებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს 13 ივლისს ისრაელში ვიზიტით დაიწყებს. აშშ-ის პრეზიდენტის დელეგაციაში იქნება ქვეყნის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო ვიზიტების ფარგლებში ადმინისტრაციის ამოცანაა ისრაელთან, პალესტინასთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და რეგიონულ პარტნიორებთან პრიორიტეტულ საკითხებზე კონსულტაცია, მათ შორის, რეგიონში აშშ-ის კავშირების გაღრმავება, რეგიონული უსაფრთხოება, ორი სახელმწიფოს პრინციპის მხარდაჭერა და საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ირანის მხრიდან.

ჯო ბაიდენი ისრაელის შემდეგ პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება და საუდის არაბეთში გაემგზავრება. „ენბისი ნიუსი“ წერს, რომ ეს ვიზიტი წარმოადგენს უკანდახევას ბაიდენის კამპანიის რიტორიკიდან, რომელმაც პირობა დადო, რომ სამხედრო გაყიდვების შეწყვეტით, საუდის არაბეთი დაისჯებოდა „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობისთვის.

გამოცემა წერს, რომ ახლა ბაიდენის ადმინისტრაცია ეძებს გადატვირთვას საუდელებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნავთობის გლობალურ ბაზარზე და ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო სტაბილურობის შენარჩუნებაში.