ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვარშავაში მის მიერ გაკეთებული განცხადება იყო მორალური აღშფოთება და არა მოწოდება რუსეთში რეჟიმის შეცვლისკენ
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ვარშავაში მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში არ უნდა დარჩეს, იყო მისი მორალური აღშფოთება და არა მოწოდება რუსეთში რეჟიმის შეცვლისკენ. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პირველ რიგში, მე უკან არ ვიხევ. ფაქტია, რომ მე გამოვხატავდი მორალურ აღშფოთებას, რომელსაც ვგრძნობ იმის მიმართ, რასაც პუტინი აკეთებს, ამ კაცის ქმედებების მიმართ, რომლებიც უბრალოდ სისასტიკეა. თუმცა, მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, არც მაშინ და არც ახლა მე არ გამოვხატავდი პოლიტიკის ცვლილებას. მე გამოვხატავდი მორალურ აღშფოთებას, რომელსაც ვგრძნობ და ამისთვის ბოდიშს არ ვიხდი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს იყო მისი პირადი გრძნობები.
„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პოლიტიკა, გავაკეთოთ რამე, რათა ნებისმიერი გზით დავამხოთ პუტინი“, – აღნიშნა ბაიდენმა.
შეკითხვაზე, ხომ არ გამოიყენებს პუტინი მის განცხადებას ესკალაციის საბაბად, ბაიდენმა უპასუხა: „არ მაინტერესებს, რას ფიქრობ ის. ის გააკეთებს იმას, რის გაკეთებასაც აპირებს“.