ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იძულებულები იყვნენ, გასულიყვნენ ავდეევკიდან საბრძოლო მასალის დანაკლისისა და აშშ-ის კონგრესის უმოქმედობის გამო
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იძულებულები იყვნენ, გასულიყვნენ ავდეევკიდან საბრძოლო მასალის დანაკლისისა და აშშ-ის კონგრესის უმოქმედობის გამო

ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები იძულებულები იყვნენ, გასულიყვნენ ავდეევკიდან საბრძოლო მასალის დანაკლისისა და აშშ-ის კონგრესის უმოქმედობის გამო. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

ბაიდენი ასევე არ გამორიცხავს, რომ თუ კონგრესი არ დაამტკიცებს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის ახალ პაკეტს, შესაძლოა, უკრაინამ კიდევ დაკარგოს სხვა ქალაქებიც.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის ლიდერთან და ხაზი გაუსვა აშშ-ის ვალდებულებას, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა. მან ასევე დაადასტურა აშშ-ის ხელისუფლებისა და ამერიკელი ხალხის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

„მე ვესაუბრე ზელენსკის საღამოს და დარწმუნებული ვარ, რომ დაფინანსებას მივიღებთ, რათა უკრაინა რუსეთის დაპყრობისგან დავიცვათ. ძალიან ბევრი რამ დევს ფსონზე. მე ვუყურებდი ტელევიზორს გუშინ და ერთ-ერთმა სხვა რესპუბლიკელმა კანდიდატმა თქვა, რომ მას არასდროს აუხსნია ამერიკელი ხალხისთვის, რატომ არის ნატო ასე მნიშვნელოვანი. ნატო კრიტიკულია ჩვენი გადარჩენისთვის. შესაძლოა, ჩვენ ვერასდროს აგვეცილებინა ევროპული კონფლიქტი. ვიდრე ნატო არსებობს, ჩვენ მოკავშირეები გვყავს, მოკავშირეები, რომლებიც არიან კომპეტენტურები და დაგვიცვეს. სხვათა შორის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ნატო-ს მეხუთე მუხლი ამოქმედდა იყო მაშინ, როცა აშშ-ს დაესხნენ თავს, 11 სექტემბერს, შესაბამისად, იდეა, რომ ჩვენ მივდივართ უკრაინიდან, რომ ჩვენ დავუშვებთ ნატო-ს გახლეჩას, სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს და ეს ეწინააღმდეგება იმ სიტყვას, რომელიც ვთქვით ეიზენჰაურის დროს. ასე რომ, დადგა დრო, უზრუნველვყოთ, რომ კონგრესი მუშაობას განაახლებს და დაამტკიცებს კანონს უკრაინის დაფინანსების შესახებ. ეს ჩვენთვის გადამწყვეტია“, – განაცხადა ბაიდენმა.