ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მისი ევროპული ტურნეს მიზანი მსოფლიო დემოკრატიების ერთიანობის გაძლიერებაა
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მისი ევროპული ტურნეს მიზანი მსოფლიო დემოკრატიების ერთიანობის გაძლიერებაა

ჯო ბაიდენის თქმით, მას რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები სურს, თუმცა მზადაა, მოსკოვის მხრიდან ევროპული უსაფრთხოების მიმართ მომდინარე გამოწვევებს უპასუხოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ წერილში ისაუბრა.

სტატიაში ბაიდენი საუბრობს იმ საკითხებზე, რომლებზეც მომდევნო კვირაში ევროპაში დაგეგმილი ვიზიტის დროს და რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ერთიანი ფრონტით გამოდიან და მზად არიან, უპასუხონ რუსეთიდან ევროპის უსაფრთხოებისადმი მომავალ გამოწვევებს, დაწყებული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით“.

ბაიდენის განმარტებით, აშშ მზადაა, ითანამშრომლოს რუსეთთან ისეთ საკითხებზე, როგორიცააა სტრატეგიული სტაბილურობა და შეიარაღების კონტროლი. მან ხაზი გაუსვა, რომ პუტინთან შეხვედრა, აშშ-ის მოკავშირეებთან მოლაპარაკებების შემდეგ შედგება. ბაიდენის თქმით, მისი ევროპული ტურნეს მიზანი „მსოფლიო დემოკრატიების ერთიანობის გაძლიერებაა“.

ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი საგარეო ვიზიტით ევროპაში 10 ივნისს გაემგზავრრება.

ის მონაწილეობას მიიღებს დიდი შვიდეულის სამიტში დიდ ბრიტანეთში, ასევე ნატო-ს ლიდერების სამიტში, ხოლო 16 ივნისს ჟენევაში ის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება.