ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ მზად იქნება, გლობალურ არენაზე კვლავ წამყვანი როლი შეასრულოს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ მზად იქნება, გლობალურ არენაზე კვლავ წამყვანი როლი შეასრულოს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ მზად იქნება, გლობალურ არენაზე კვლავ წამყვანი როლი შეასრულოს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა მშობლიურ ქალაქ უილმინგტონში საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წარდგენისას განაცხადა.

„ეს არის გუნდი, რომელიც ასახავს იმ ფაქტს, რომ ამერიკა დაბრუნდა, მზად არის, უხელმძღვანელოს მსოფლიოს, არ დაიხიოს უკან, კვლავ დაჯდეს მაგიდის სათავეში, მზად არის წინააღმდეგობა გაუწიოს მეტოქეებს და არ უარყოს ჩვენი მოკავშირეები, მზად არის, დადგეს ჩვენი ღირებულებების დასაცავად“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 20-მდე მსოფლიო ლიდერთან სატელეფონო საუბრისას ის გაოცებული დარჩა, თუ რამდენად ელოდებიან ისინი, რომ აშშ დაადასტურებს გლობალური ლიდერის თავის ისტორიულ როლს.

ბაიდენის თქმით, მას სწამს, რომ „ამერიკა ყველაზე ძლიერია, როდესაც ის მოკავშირეებთან მუშაობს“.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრი წარადგინა. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ტონი ბლინკენია წარდგენილი, რომელიც ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო. ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კი კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იქნება. ბაიდენმა დაზვერვის სამსახურის უფროსად ავრილ ჰაინესი წარადგინა, რომელიც პირველი ქალი იქნება ამ თანამდებობაზე. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლად კი ჯეიკ სალივანი იმუშავებს. ასევე, ლინდა ტომას გრინფილდი გაერო-ში აშშ-ის ელჩად არის წარდგენილი.