ჯინ შაჰინმა, ელიზაბეტ უორენმა და ჯო უილსონმა მარკო რუბიოს ორპარტიული წერილით მიმართეს და მოუწოდეს, სირიას ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოს სტატუსი მოეხსნას
ამერიკელმა სენატორებმა, ჯინ შაჰინმა, ელიზაბეტ უორენმა და კონგრესმენმა ჯო უილსონმა სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ორპარტიული წერილით მიმართეს და მოუწოდეს, სირიას ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოს (SST) სტატუსი მოეხსნას. წერილის ტექსტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
წერილში სენატორები აცხადებენ, რომ ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ ამ სტატუსის იურიდიული საფუძველი აღარ არსებობს და მისი შენარჩუნება სირიის ეკონომიკური აღდგენისთვის, ანტიტერორისტული თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის მთავარ დაბრკოლებად იქცა.
მათივე თქმით, სტატუსის მოხსნა ხელს შეუწყობდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, გაიხსნებოდა შესაძლებლობები ამერიკული ინვესტიციებისთვის, ხოლო სირია ნაკლებად იქნებოდა დამოკიდებული რუსეთზე, ჩინეთსა და ირანზე.
სენატორები აღნიშნავენ, რომ სირიის ახალმა ხელისუფლებამ, პრეზიდენტ ალ შარაას ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ საკითხზე თანამშრომლობაში მდგრადობა გამოავლინა – შეუერთდა „ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ გლობალურ კოალიციას და მუშაობს „ჰეზბოლას“ ქსელების დასუსტებაზე სირიაში, მათ შორის, ტრანსნაციონალური იარაღისა და ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლით.
სენატორები ასევე აღნიშნავენ, რომ ამერიკული საფინანსო ინსტიტუტები ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოს სტატუსს სირიაში კერძო ინვესტიციებისა და ეკონომიკური აღდგენისთვის დაპირებული მილიარდობით დოლარის მოზიდვისთვის მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევენ.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, სირიის აღდგენას დაახლოებით 216 მილიარდი დოლარი დასჭირდება.
სენატორების განცხადებით, ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოს სტატუსის მოხსნა არ ნიშნავს სირიაზე ზეწოლის შესუსტებას სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, რუსეთის სამხედრო ყოფნის შემცირებაზე, სირიის სხვადასხვა თემს შორის ძალაუფლების გაზიარებაზე და ქალების სრულფასოვან ჩართულობაზე ხელისუფლებაში.