ჯინ შაჰინი - ვურჩიეთ მთავრობას, მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით
ჯინ შაჰინი - ვურჩიეთ მთავრობას, მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით

ვურჩიეთ მთავრობას, გააგრძელონ ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის მხარდაჭერა, წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ერთი წელი შესრულდა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში საქართველოში ყოფნა, რადგან საქართველომაც მსგავსი სიტუაცია გამოსცადა თავის თავზე 2008 წელს. დღეს გვქონდა შეხვედრები, გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. განვიხილეთ სტრატეგია, განსაკუთრებით შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით. გვქონდა შეხვედრები პარლამენტის წევრებთან, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

მისი თქმით, ყველა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„ამერიკის შეერთებული შტატები, 30 წელია, დგას საქართველოს მხარდამხარ და მხარს უჭერს საქართველოს, ქართველი ხალხის მისწრაფებას, იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, ჰქონდეთ კეთილდღეობა, წარმატება; რა თქმა უნდა, მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მხარდაჭერა დღევანდელ შეხვედრებზე. ჩვენ ვურჩიეთ მთავრობას, რომ გააგრძელონ მხარდაჭერა ისეთი საკითხების მიმართ, როგორებიც არის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროპასთან დაახლოებაში“, – აღნიშნა ჯინ შაჰინმა.