ჯინ შაჰინი - მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით
ჯინ შაჰინი - მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით

მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჯინ შაჰინმა აღნიშნა, სენატის დელეგაცია სწორედ იმისთვის არის ჩამოსული საქართველოში, მხარი დაუჭიროს ქვეყანას, რომელიც დემოკრატიის გზაზე დგას და ცდილობს, რომ დასავლეთისკენ იაროს.

„სენატორმა პორტმანმა უკვე ისაუბრა იმ დახმარების შესახებ, რომელიც საქართველომ მიიღო შეერთებული შტატების მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში ეს დახმარება ეხებოდა კოვიდთან ბრძოლას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, ეკონომიკურ კეთილდღეობას და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას. დღეს გვქონდა საუბარი, რომ მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

სენატის საგარეო კომიტეტის წევრებს გვაქვს სხვადასხვა მექანიზმი, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია. ერთ-ერთი გახლავთ მოსმენები, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ მეტი სინათლე შევიტანოთ ამა თუ იმ მოვლენაში. ზუსტად ასეთი მოსმენა ჩატარდა საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის ემსახურებოდა მეტი ყურადღების მიტანას. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანი და ჩვენ წუხილსაც იწვევს.

რაც შეეხება რუსეთთან მიმართებაში ახალ მექანიზმებს. რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულია სანქციები. სანქციების ქვეშ მოხვდნენ სხვადასხვა მრეწველობის, სხვადასხვა სექტორების წარმომადგენელი კორპორაციები და კომპანიები წარმომადგენლები, მაგრამ ამავე დროს ინდივიდუალური პირები, ოლიგარქები, რომლებიც ცდილობენ ფულის გათეთრებას დასავლეთის ინსტიტუტების მეშვეობით – ჩვენ ვცდილობთ ამას წინ აღვუდგეთ. რაც შეეხება ნატო-ს, ნატო-ს აქვს 2030 წლის ხედვა, რომელიც მიზნად ისახავს გააუმჯობესოს რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოება და თავდაცვა“, – განაცხადა შაჰინმა.