ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ნიკა მელიას, გიორგი რურუასა და სხვა კონკრეტულ პირთა სისხლის სამართლის საქმეებს არ იცნობს და მათზე ვერ ისაუბრებს
ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ნიკა მელიას, გიორგი რურუასა და სხვა კონკრეტულ პირთა სისხლის სამართლის საქმეებს არ იცნობს და მათზე ვერ ისაუბრებს

კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებსაც თქვენ ახსენებთ, არ ვიცნობ და ამაზე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, – ასე უპასუხა სენატორმა ჯინ შაჰინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ნიკა მელიას, გიორგი რურუას, ნიკა გვარამიას, გიგი უგულავას, ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლისა და გიორგი მუმლაძის საქმეებს ეხებოდა.

შაჰინის თქმით, დღეს გამართულ ყველა შეხვედრაზე, ხაზს უსვამდნენ იმ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ადამიანის უფლებების მოთხოვნების დაცვასა და უზრუნველყოფას.

„კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებსაც თქვენ ახსენებთ, არ ვიცნობ და ამაზე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება მთლიანობაში ამ პროცესს, აღვნიშნავ, რომ ყველა შეხვედრაზე, რომელიც გავმართეთ დღეს, ხაზს ვუსვამდით იმ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ადამიანის უფლებების მოთხოვნების დაცვასა და უზრუნველყოფას. რასაკვირველია, ეს გულისხმობს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და საარჩევნო რეფორმის წარმოებას“, – განაცხადა შაჰინმა.

ჯინ შაჰინის განმარტებით, მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების გაგრძელება ყველა პარტიის მონაწილეობით.

„მიგვაჩნია და აღვნიშნავდით დღეს ამასაც, რომ მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების გაგრძელება ყველა პარტიის მონაწილეობით, რომელიც იქნება მიმართული იმისკენ, რომ საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო უზრუნველყოფილი იქნას, თავისუფლებები და უფლებები კი რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიის არსისთვის. მნიშვნელოვანია, 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე გაგრძელდეს მოლაპარაკებები მხარეებს შორის“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.