ჯიმი ტაბიძე კარიერას საბერძნეთის „პანეტოლიკოსში“ გააგრძელებს #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ყოფილი მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას „პანეტოლიკოსში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას საბერძნეთის სუპერლიგის კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჯიმი ტაბიძემ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ივნისამდე გააფორმა, ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. ის „პანეტოლიკოსში“ 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს“, – წერია ბერძნული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ცნობაში.
ტაბიძე 1996 წლის 18 მარტს სამტრედიაში დაიბადა. ვარჯიშობდა ზუგდიდის „ბაიასა“ და „საბურთალოს“ აკადემიებში. უთამაშია „საბურთალოში“, „გენტში“, „უფაში“, იყო „კორტრაიკის“ ფეხბურთელი, მაგრამ მისი ფორმით ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.
2022 წლის ივლისში ტაბიძე „დინამო თბილისში“ ჩაირიცხა. შარშან კლუბი დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო. უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ხოლო ეროვნულ გუნდში 15 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ „პანეტოლიკოსში“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი – ლევან შენგელია თამაშობს.