ჯიმ რიში - ქართველი ხალხი თავად იღებს გადაწყვეტილებას და ეჭვიც არ მეპარება, ყველაფერს უფრო ახლოდან აკვირდებიან, ვიდრე ჩვენ
ქართველი ხალხი თავად იღებს გადაწყვეტილებას და ეჭვიც არ მეპარება, ყველაფერს უფრო ახლოდან აკვირდებიან, ვიდრე ჩვენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ დავით ზალკალიანთან განსახილველ საკითხებს შორის მომავალი არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაც იყო.
„ვისაუბრეთ არჩევნებზე, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება. ქართველი ხალხი გამოხატავს თავის პოზიციას. 2012 წელს, როცა მე საქართველოში ვიყავი, ყველა ფიქრობდა, რომ სააკაშვილი მოიგებდა და ივანიშვილმა გაიმარჯვა. ქართველი ხალხი თავად იღებს გადაწყვეტილებას და ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს უფრო ახლოდან აკვირდებიან, ვიდრე ჩვენ“, – განუცხადა მან „ამერიკის ხმას“.
მისივე თქმით, არჩევნები საქართველოში 2012 წელს შთამბეჭდავად წარიმართა.
„ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, რომელიც გვინდა, რომ წარმატებული იყოს. მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი არჩევნებზე, როგორც ამერიკის მხარის ოფიციალური დამკვირვებელი. ჩვენთვის შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ წარიმართა არჩევნები. გვჯეროდა, რომ მაშინ ხელისუფლება დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო რეფორმებს გაატარებდა, რომლებიც ხალხს მოეწონებოდა“, – განაცხადა სენატორმა რიშმა.