ჯიმ რიში - მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების დროული იმპლემენტაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კრიზისის გადასაჭრელად
ჯიმ რიში - მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების დროული იმპლემენტაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კრიზისის გადასაჭრელად

საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების დროული იმპლემენტაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, – აცხადებს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სენატორებმა ჯიმ რიშმა, რონ ჯონსონმა და ჯინ შაჰინმა წარადგინეს ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მიერ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად 19 აპრილის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას.

კომიტეტის ცნობით, რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას დემოკრატიის გაძლიერებისთვის საქართველოს გზის მიმართ, მათ შორის, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების მიმართ. სენატორები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს მუშაობა დაუყოვნებლივ.

„საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების დროული იმპლემენტაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ნარჩუნდებოდა. მე ადრეც განვაცხადე, რომ შეთანხმებას შეუძლია, საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე დააბრუნოს. ორივე მხარე იმსახურებს შექებას მათი ლიდერობისა და მამაცობისთვის, რამდენადაც ისინი ყველა ქართველის სასარგებლოდ მუშაობდნენ ამ კომპრომისზე. თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია, რათა აღდგეს პოლიტიკური ნდობა და აღდგეს ძლიერი და წარმატებული საქართველო“, – აცხადებს ჯიმ რიში.

რონ ჯონსონის თქმით, მოხარული არიან, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს უფრო მეტ გამჭვირვალობას, კონტროლს, ბალანსსა და პოლიტიკურ მონაწილეობას.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებმა იმუშაონ ერთად, რათა სრულად განახორციელონ აუცილებელი საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, რომელიც დაეხმარება უკეთესად ფუნქციონირებადი დემოკრატიის შექმნას“, – აცხადებს რონ ჯონსონი.

ჯინ შაჰინის თქმით, მოუწოდებს სენატს, მხარი დაუჭიროს საქართველოს მიერ კვირის დასაწყისში მიღწეული შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას.

​„მე ვამაყობ, რომ შევუერთდი სენატორებს, ჯონსონსა და რიშს, მოვუწოდებ სენატს, მხარი დაუჭიროს საქართველოს მიერ კვირის დასაწყისში მიღწეული შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად. მინდა, მივულოცო საქართველოს ამ შეთანხმების მიღწევა, თუმცა ახლა რთული სამუშაო იწყება.

ეს რეზოლუცია ასახავს ჩვენს ერთგულებას საქართველოსა და მისი ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ასახავს ჩვენს მოლოდინებს, რომ საქართველო სრულად განახორციელებს შეთანხმების პირობებს, რომელიც საშუალებას იძლევა დემოკრატიამ გაიმარჯვოს.

ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც რეაგირებს არსებულ აქტუალურ საკითხებზე. მათ შორის, რთულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე. ვიცით, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს შორსმიმავალი შედეგები აქვს ქვეყნის დემოკრატიისთვის რეგიონში და მსოფლიოში. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას და მის ხალხს დინამიური დემოკრატიის მშენებლობაში“, – აცხადებს ჯინ შაჰინი.