ჩვენ მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება, – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ, ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, რომელიც გვინდა, რომ წარმატებული იყოს. მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი არჩევნებზე, როგორც ამერიკის მხარის ოფიციალური დამკვირვებელი. ჩვენთვის შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ წარიმართა არჩევნები. გვჯეროდა, რომ მაშინ ხელისუფლება დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო რეფორმებს გაატარებდა, რომლებიც ხალხს მოეწონებოდა.
თუმცა, ვიხილეთ შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება. ჩვენ მდგომარეობას დავაკვირდებით. ეს ქართველების ქვეყანაა და მე დარწმუნებული ვარ, ქართველებს სურთ თავისუფალი და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა. ამ საქმეში ჩვენ გვინდა მათ გვერდით ვიდგეთ“, – უთხრა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმას“.
სენატორმა აღნიშნა, რომ დავით ზალკალიანთან განსახილველ საკითხთა შორის მომავალი არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაც იყო.
„ვისაუბრეთ არჩევნებზე, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება. ქართველი ხალხი გამოხატავს თავის პოზიციას. 2012 წელს, როცა მე საქართველოში ვიყავი, ყველა ფიქრობდა, რომ სააკაშვილი მოიგებდა და ივანიშვილმა გაიმარჯვა. ქართველი ხალხი თავად იღებს გადაწყვეტილებას და ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს უფრო ახლოდან აკვირდებიან, ვიდრე ჩვენ“, – უთხრა მან „ამერიკის ხმას“.
ქართულ მხარესთან შეხვედრის შემდეგ, წერილის თანაავტორმა ჯინ შაჰინმა, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, შეერთებულ შტატებს მიეცემა მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობა.
„ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ევროპულ კურსს ნატოსკენ და ევრო-ატლანტიკური პარტნიორობისკენ სწრაფვას. გვინდა, ამას მხარი დავუჭიროთ და იმედი გვაქვს, გვექნება ამ მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობა“, – თქვა ჯინ შაჰინმა.
ერთი კვირის წინ, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა რიშმა და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის „დემოკრატმა“ ლიდერმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს, სადაც ისინი იმ საკითხებზე საუბრობდნენ, რომლებიც მათი თქმით, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს.